Pages

Saturday, September 12, 2015

,,ქართული რომანტიზმის კვალდაკვალ"



  რომანტიზმი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე წარმოიშვა და ხელოვნების ყველა დარგი მოიცვა. როგორც საერთო ევროპული მოვლენა, თითქმის ერთდროულად აღმოცენდა ევროპის წამყვან ქვეყნებში.
ქართველი რომანტიკოსებიქართული რომანტიზმის ფუძემდებლად ალექსანდრე ჭავჭავაძე ითვლება. ერთხელ ალ. ორბელიანს ალ. ჭავჭავაძისათვის უკითხავს: კნიაზო, თქვენი ლექსები რომ ასე განასხვავეთ და მსუბუქი და რბილი წყობა მიეცით, საიდან შემოიღეთ ამგვარი სტილიო.
ალ. ჭავჭავაძეს კი უპასუხია: ჩვენი მესტვირეებისაგან (ბლიაძეებისაგან) შემოვიღე. ბევრ ფრანგულ წიგნს ვკითხულობ, ჩვენი მესტვირეების მარტივ ყბედობას ევროპული სიამოვნება დავამატე და ასე შემოვიღე ამგვარი სტილიო.
აქედან მნიშვნელოვანი რამ ჩანს: რომანტიკული პოეზია თვალშისაცემი სიახლე იყო ქართულ მწერლობაში, თუმცა იგი არ უპირისპირდებოდა ძველს.
გერონტი ქიქოძე წერდა, რომ ალ.ჭავჭავაძესა და ნ. ბარათაშვილს თავიანთი ორიგინალური ნაწერები დაბეჭდილი არც კი უნახავთ, არც ერთ მათგანს არავითარი ჰონორარი არ მიუღია… გრ. ორბელიანი ერეკლე მეფის ქალის ელენეს შვილიშვილია. ალ. ჭავჭავაძის დედა ორბელიანის გვარის ქალი იყო. გრ. ორბელიანი მის ოჯახთან დაკავშირებულია ხანგრძლივი მეგობრობით, თავისი საუკეთესო სატრფიალო ლექსები მან მის ქალებს – ნინოსა და ეკატერინეს მიუძღვნა. მეგობრული და რომანტიკული ტრფიალის გრძნობები აკავშირებს ალ. ჭავჭავაძის ოჯახთან ნიკოლოზ ბარათაშვილს, რომელიც გრ. ორბელიანის დის ეფემიას შვილი იყო.
ამ პოეტთა აზროვნებაზე ორმა დიდმა ისტორიულმა თარიღმა მოახდინა გადამწყვეტი გავლენა: 1801 წელმა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობას ბოლო მოეღო და 1832 წელმა, როცა ქართველი პატრიოტული თავადაზნაურობისა და ინტელიგენციის შეთქმულება გამომჟღავნდა და დამარცხდა.